უკრაინის სახალხო დამცველმა სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო გაეროს, ევროსაბჭოს და ეუთოს მიმართა

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის გამო. დენისოვა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ განცხადებები გაუგზავნა ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს და ევროსაბჭოს კომისარს, ეუთოს ხელმძღვანელს, გაეროს და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტებს, უკრაინაში 9 საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლობებს და 78 საელჩოს.

ლუდმილა დენისოვას იმედი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს.

უკრაინის სახალხო დამცველი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, 16 ნოემბერს შეხვდა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას. დენისოვას ინფორმაციით, განიხილეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მე-18 დაწესებულებაში მისი ყოფნის პირობები.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკრაინის სახალხო დამცველს უარი უთხრა სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. 16 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს და საქართველოს არც კანონმდებლობა ავალდებულებს, რომ უკრაინის სახალხო დამცველი პენიტენციურ დაწესებულებაში შეუშვას

მსგავსი სიახლეები