უკრაინის გენერალური შტაბი: “მტერი კიევზე თავდასხმისთვის ემზადება”

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთი ემზადება კიევზე თავდასხმისთვის.

“ვოლინისა და პოლესეს მიმართულებით მტერს აქტიური ოპერაციები არ ჩაუტარებია. მან დაასრულა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, საინჟინრო მხარდაჭერის და ლოგისტიკური სისტემების აწყობა, რათა მოამზადოს თავდასხმა ქალაქ კიევზე”, – აცხადებს გენერალური შტაბი.

მისი ცნობით, 19-20 მარტის ღამეს რუსულ არმიას თითქმის არც ერთი მიმართულებით არ შეუტევია.

გამონაკლისია ქალაქი იზიუმი, რომელიც ხარკოვსა და სკავიანსკის შორის მდებარეობს, თუმცა გენშტაბის ცნობით, უკრაინამ გარღვევის მცდელობა მოიგერია.

გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ალყაში მყოფი მარიუპოლის შესახებ არაფერია ნათქვამი.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები