უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმა და კიევში მდებარე საელჩოს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა შეამცირა.
როგორც „უნიანი“ წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ირანული წარმოების დრონების გამოყენება გახდა:
„ირანულ მხარეს ეცნობა, რომ ირანული წარმოების იარაღის რუსეთისთვის მიწოდება და მისი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენება პირდაპირ ეწინააღმდეგება ირანის ხელისუფლების საჯაროდ გაცხადებულ ნეიტრალიტეტს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემას.
ასეთი არამეგობრული ნაბიჯის საპასუხოდ, უკრაინული მხარე აკრედიტაციას გააუქმებს ელჩს. ამასთანავე, მნიშვნელოვნად შემცირდება დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა კიევში მდებარე ირანის საელჩოში“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, 23 სექტემბერს ოდესას ზღვიდან კამიკაძე დრონებით დაესხნენ თავს, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, პორტის ტერიტორიაზე ორმა უპილოტო თვითმფრინავმა გაანადგურა ადმინისტრაციის შენობა. სამაშველო სამსახურები ხანძარს ებრძვიან. ერთი ირანული კამიკაძე დრონი „შაჰიდ-136“ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ზღვის თავზე ჩამოაგდეს.