ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია მიტროპოლიტმა ნეტგაზეთს დაუდასტურა.
მისი თქმით, უცოდველი ადამიანი არ არსებობს და მოქმედი მთავრობის ხელმძღვანელებმა ქვეყნის ყოფილი პირველი პირები არ უნდა დააკავონ.
“მე ვფიქრობ, კარგი იქნება, ამ ქვეყანაში დაწესდეს, რომ მოქმედმა პირველმა პირმა წინა პირველი პირი არ დააპატიმროს. ეს წესი თუ დაწესდა, რომ ყველა პირველმა პირმა წინა პირველი პირი დააპატიმრა, ქვეყანა არასწორად განვითარდება.
მე ვფიქრობ, უნდა მოინახოს რაღაც საშუალება ამ ბრალდებებზე. ბრალდება ყოველთვის შეიძლება ადამიანს წაეყენოს, უცოდველი ადამიანი არ არსებობს და უნდა მონახოს ქვეყნის პირველმა პირმა საშუალება, რომ წინა პირველი პირი ციხეში არ ჩასვას”, — განუცხადა მიტროპოლიტმა ნეტგაზეთს.
დღეს, 11 ოქტომბერს, ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძეც შეუერთდა.
7 ოქტომბერს შეიქმნა ონლაინპეტიცია – გათავისუფლდეს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი #თავისუფლებამიშას . პეტიციაზე ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობს, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან და უნდა მიეცეს საშუალება, ნორმალურად ჩაერთოს სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში. ამ დროისთვის პეტიციას 1000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.