რუსეთის დუმაში საქართველოს მთავრობა სანქციებზე უარის გამო “პრაგმატიზმისთვის” შეაქეს

რუსეთის დუმის დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციებთან მიერთებაზე უარის გამო აქებს. ინფორმაციას Gazeta.ru ავრცელებს.

“ამ გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოში ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების პრაგმატიზმზე. მათ ესმით, რომ მათი ეკონომიკა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ბაზარზე. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთვის სანქციების დაწესება იგივეა, რაც საკუთარი თავის დამატებითი შესაძლებლობების წართმევა”.- ამბობს ზალუტინი

რუსული მედია სტატიას საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 28 თებერვლის განცხადებას ურთავს, სადაც ღარიბაშვილი კვლავ უარს ამბობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

“როცა საუბარია სანქციების დაწესებაზე, ამ ყველაფერში ჩართულია თითქმის მთელი მოსახლეობა, ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი, ყველა არის ჩართული და რას მთხოვენ, საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ეს ვის მოაკლდება, შემოსავალი მოაკლდება ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი ერთი მილიონი თანამოქალაქე, რომელიც ვეღარ შეძლებს ფულის გადმორიცხვას, ამიტომ, ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემი არაა, პირიქით, ესაა საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ხალხის ინტერესების”.- თქვა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები