რუსეთის გადაჭარბებული შეფასება შესაძლოა, დაზვერვის ხარვეზი იყო

აშშ-ის ევროპის სარდლობის უფროსის თანახმად, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში „შეიძლება ყოფილიყო“ ხარვეზი, რამაც გამოიწვია შეერთებული შტატების მიერ რუსეთის შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების სათანადოდ ვერ შეფასება ომამდე.

სრულმასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში აშშ-ის დაზვერვა კიევის რამდენიმე დღეში დაცემას ვარაუდობდა, თუმცა ომი მეორე თვეა გრძელდება. ამ დროის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიევის ოლქის ალყაში მოქცევა უშედეგოდ სცადეს. ისინი ლოჯისტიკურ პრობლემებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების მტკიცე წინააღმდეგობას წააწყდნენ. მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალებმა დედაქალაქის მიმართულებით წინ ვერ წაიწიეს და უკრაინელები კიევის ოლქში კონტრშეტევებზე გადავიდნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ პირველადი ამოცანები შესრულებულია და ამიერიდან დონბასზე იქნებიან კონცენტრირებული.

CNN-ის ცნობით, 29 მარტს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის მოსმენაზე სენატორმა როჯერ ვიკერმა აშშ-ის ევროპის სარდლობის უფროსს, გენერალ ტოდ ვოლტერსს ჰკითხა, თუ არსებობდა დაზვერვის ხარვეზი, რამაც გამოიწვია აშშ-ის მიერ რუსეთის ძლიერების გადაჭარბებული შეფასება და უკრაინის თავდაცვითი ძალების სათანადოდ შეუფასებლობა.

„შეიძლება ყოფილიყო. როგორც ყოველთვის ვაკეთებდით წარსულშიც, როდესაც ეს კრიზისი დასრულდება, ჩვენ  ყველა სფეროში და ყველა დეპარტამენტში ყოვლისმომცველ მიმოხილვას [შევქმნით] და გავარკვევთ, სად იყო ჩვენი სუსტი სფეროები და უზრუნველვყოფთ გაუმჯობესებას“, — განაცხადა ვოლტერსმა.

უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და რუსეთის ძალების შესაძლებლობების შეფასებისგან განსხვავებით, ომის დაწყების ნაწილში აშშ-ის დაზვერვის პროგნოზი გამართლდა. თვეების განმავლობაში შეიარაღებული ძალების და ტექნიკის უკრაინის საზღვართან თავმოყრის მიუხედავად, მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმის გეგმას ბოლო მომენტამდე უარყოფდა.

მსგავსი სიახლეები