როცა შვეიცარიული ბანკი ერთი თვით აფერხებს გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს

როცა კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილი კომპანიის ოპერაციების შეფერხებას ეხმაურება.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, კომპანიისთვის, 4 მარტს მოთხოვნილი თანხის გადარიცხვა მხოლოდ 4 აპრილს დაედასტურებინა, „კოორდინაციის შედეგი“ იყოს. რაც შეეხება კითხვას, რამდენად ეთანხმება საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც შვეიცარიული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილების უკან ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციას ხედავს, კობახიძე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ კოორდინაციის შესახებ კითხვები ლოგიკურია.

„მგონია, რომ ეს კითხვები არის ლეგიტიმური, არცთუ უსაფუძვლო, თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ლოგიკური. ჩვენთვის გასაკვირი იყო რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რაც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო კოორდინაცია მაღალი ხარისხით – გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, რაც იყო აუხსნელი, ალოგიკური და კოორდინაცია ბუნებრივია, ჩანდა. იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები, ევტუშენკოვის ზარი და ეს არის კაცი, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება და ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა, გამოგონილი თემა. გაუგებარი ზარი, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს. ამას როცა ემატება შვეიცარიული ბანკი და იცით, რომ შვეიცარიული საბანკო სისტემა მაღალი ხარისხის სანდოობით სარგებლობდა ათწლეულების განმავლობაში და მთელი სახელმწიფო სისტემა იდგა ამაზე და როცა ასეთი საბანკო სისტემის ნაწილი, კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს…

რაც შეეხება კონკრეტიკას, მე მაქვს ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამ დეტალებში მე ვერ შევალ. იმედია, საბოლოო ჯამში, ყველაფერს მოეფინება ნათელი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა თქმა უნდა, თუ ვის სურს საქართველო ომში ჩაერთოს და ვის არ სურს, რადგან ომში ჩართვა არ არის მარტივი საკითხი. დღეს საქართველოს ომში ჩართვა ნიშნავს ქვეყნის განადგურებას. რაც დღემდე ვიცოდით, „ნაცმოძრაობას“ ეს ცალსახად სურს, ამას არც მალავენ დაწყებული საკუთარი გარე ექსპერტების მეშვეობით, დაწყებული ლომჯარიათი და გიგაურით, დამთავრებული მარგველაშვილით და უსუფაშვილით, ყველა ლაპარაკობს პრაქტიკულად ამაზე, მათ ომი სურთ და ისინი არიან ომის პარტია. ყველამ კარგად ვიცით, უკრაინის მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით გაკეთდა. ეს არის ის, რაც ვიცით უტყუარი ფორმით. რაც შეეხება მეტ კონკრეტიკას ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მეტს ვერ ვიტყვი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურს, ამით ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოაბრუნოს, „ივანიშვილს კარგად არ იცნობს“.

„არ ვიცი, ამის მიზეზი რა უნდა იყოს, თუ ვინმეს აქვს იმის მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნოს ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, მე მგონია, რომ ეს მინიმუმ მიუღებელია და პრინციპულად არასწორია და თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს. ვფიქრობ, ის ივანიშვილს კარგად არ იცნობს, არ ახსოვს ის თავდადება და თავგანწირვა, რაც მან გამოავლინა,“ – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, ვისგან ხედავს კოორდინაციას, გულისხმობს, თუ არა სტრატეგიულ პარტნიორს, შეერთებულ შტატებს, კობახიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო დეტალებში არ შევა.

მისივე თქმით, როგორც ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს განცხადებების გაკეთებას საერთაშორისო მედიასთან, ამიტომ მის განცხადებას დაელოდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის. ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Green Vals Trust-ში ბანკმა ივანიშვილის კომპანიის ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა.

მსგავსი სიახლეები