როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, დებატები აღარაა საჭირო

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობით დაინტერესებულია მათი ქვეყანა. სააკაშვილთან დაკავშირებით და სახალხო დამცველის შექმნილ კონსილიუმზე მან მედიასთან ისაუბრა.

“ჩვენ ძალიან გვაღელვებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა, აღარაა საჭირო დისკუსია და დებატი, მას უნდა მიეცეს საშუალება ყველა სათანადო მკურნალობის. ჩვენ ვენდობით სახალხო დამცველის შექმნილ მედიკოსთა ჯგუფს. მათი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის კრიტიკული, მას ესაჭიროება მრავალმხრივი, მრავალპროფილური სამედიცინო მომსახურება, რათა ის რაც მოხდა [გონების დაკარგვა], აღარ განმეორდეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდეს. შესაბამისად მან უნდა მიიღოს შესაბამის დაწესებულებაში მკურნალობა.. უნდა შეასრულდეს ის რეკომენდაციები, რაც ამ საკითხზე გაიცა, რადგან გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ ზომების მიღება”, – თქვა კელი დეგნანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 50-ე დღეა შიმშილობს. ახლა მისი მოთხოვნაა გადაიყვანონ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში. მან შიმშილობა დაკავების მომენტიდან, 1 ოქტომბრიდან ჯერ კიდევ რუსთავის ციხეში გამოაცხადა. ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ის 8 ნოემბერს რუსთავიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სახალხო დამცველმა თქვა, მასთან შეხვედრის დროს სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს – უთხრეს კლინიკაში გადაჰყავდათ და ამიტომ დათანხმდა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა, მედიცინის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც 16 ნოემბერს გაეცნო მე-18 დაწესებულების შესაძლებლობებს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, 17 ნოემბერს გამოაქვეყნა დასკვნა იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია და მისი მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს “ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს”.

მსგავსი სიახლეები