რატომ არ სჯიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებს? – მინისტრის მოადგილის პასუხი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზების გამოძიების საქმე ამდენი ხნის განმავლობაში იმიტომ გაგრძელდა, რომ „დადგინდეს ორგანიზების ფაქტი და მტკიცებულებებითი სტანდარტით წარდგნენ ეს ადამიანები სასამათლოს წინაშე“.

10 დეკემბერს შს მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს „თბილისის პრაიდის“ წარმომადგენელმა ჰკითხა, რატომ არ ხდება 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების, – მაგალითად, ზურაბ მახარაძის, – დასჯა და რატომ არ არის საქმე სათანადოდ გამოძიებული.

პასუხად მინისტრის მოადგილემ განაცხადა:

  • „5 ივლისის შემდეგ 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება;
  • 31 პირი არის სისხლისამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და ელოდება სასამართლოს განაჩენს, რომელიც ალბათ ძალიან მალე იქნება.
    • ამ 31 პირის დაკავება მოხდა დაახლოებით 1-2 კვირის განმავლობაში 5 ივლისის მოვლენებიდან“.

ამას გარდა, დარახველიძემ განაცხადა:

„გარდა ამისა, თქვენ საუბრობდით აქციის ორგანიზატორებზე… ცალკე სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 1000-მდე საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული“.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში 15 სხვადასხვა საცხოვრებელი სახლი გაიჩხრიკა:

„[გაიჩხრიკა 15 საცხოვრებელი სახლი] იმ ადამიანებისა, ვისზეც თქვენ საუბრობთ; ამოღებულია სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობა, მობილური ტელეფონები, რაციები და ა.შ.“, – განაცხადა მან.

„მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები, რათა დადგინდეს ორგანიზების ფაქტი და მტკიცებულებითი სტანდარტით წარდგნენ ეს ადამიანები სასამათლოს წინაშე და არა, ვთქვათ, ისეთი მტკიცებულებებით, რომელიც, საბოლოო ჯამში, სასამართლო სტანდარტს ვერ გაივლის და შეიძლება ეს ადამიანები გამართლდნენ, თუკი სასამართლო სხდომები დაიწყება“, – აცხადებს მინისტრის მოადგილე.


2021 წლის 5 ივლისს, „თბილისის პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

„ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კარვების, ასევე, „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ჯამში, იმდღევანდელი მოვლენების შემდეგ, შსს-მ 50-ზე მეტი ჟურნალისტი ცნო დაზარალებულად. რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა.

აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გარდა ამისა, ჟურნალისტები ხაზს უსვამდნენ პოლიციის უუნარობას, ისინი დაეცვა, – 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიციელები შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები.

„ალტ-ინფომ“ რამდენიმე კვირის წინ დააფუძნა პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „კონსერვატიული მოძრაობა“.

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.

ამასთან, აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა უშუალოდ დანაშაულის ორგანიზატორობის ბრალდებით შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

მსგავსი სიახლეები