პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას ითხოვს

ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, რათა მსოფლიო ლიდერებისგან „ცივი შეხვედრა“ აიცილოს თავიდან – ინფორმაციას კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს.

G20-ის სამიტი მომავალ კვირას კუნძულ ბალიზე, ინდონეზიაში გაიმართება.

ბალიზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ იქ პუტინი არ იქნება.

პუტინთან შეხვედრა რომ არასასურველი იქნებოდა, ამაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ისაუბრა. მან რუსეთის პრეზიდენტს „მკვლელი“ უწოდა და განაცხადა, რომ მასთან ლაპარაკის აზრს ვერ ხედავს.

ჯო ბაიდენს „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან არათუ პირისპირ, არამედ დერეფანში შეხვედრა და საერთო ფოტოზე გამოჩენაც კი არ სურს. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ახლა სწორედ იმით არიან დაკავებული, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აიცილონ, – წერდა ჯერ კიდევ ოქტომბერში გამოცემა Politico.

კრემლის გადაწყვეტილების მიზეზად Bloomberg-ის წყაროები ასახელებენ შიშს, რომ დასავლელი ლიდერები დემონსტრაციულად ეცდებიან, პუტინს თავი აარიდონ. მის ნაცვლად, სამიტზე, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩავა.

ლავროვის უწყებამ დღეს განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებზე „იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარე მომენტისთვის შეიქმნა.“

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ეს განცხადება სულ რამდენიმე საათით უსწრებდა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოუგუს ბრძანებას ხერსონიდან რუსეთის ჯარების გაყვანაზე.

უკრაინაში რუსეთის ჯარების მთავარსარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, სერგეი შოიგუ ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან რუსეთის არმიის გასვლას და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე თავდაცვის ხაზის გამაგრებას დასთანხმდა.

მსგავსი სიახლეები