„ომბუდსმენის დასკვნა იმეორებს, რაც ჯანდაცვის კონსილიუმმა გამოაქვეყნა“ – ნინო შარაშენიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, ჰემატოლოგი ნინო შარაშენიძე ახადებს, რომ ომბუდსმენის მიერ გამოქვეყნებული დასკვნა იმეორებს იმავეს, რაც იმ კონსილიუმის დასკვნაში დაიწერა, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა:

„ჩვენთვის, როგორც რიგითი ექიმებისთვის, უსაზღვროდ დიდი პატივია ის ფაქტი, რომ ომბუდსმენის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა სიტყვასიტყვით დაასაბუთა ჩვენი კონსილიუმის დასკვნა, პაციენტის მრავალპროფილურ და მაღალტექნოლოგიურ სტაციონარში აუცილებელ გადაყვანასთან დაკავშირებით.

ასევე ზუსტად გაიმეორა ის ტექნიკური და ინტელექტუალური რესურსის აუცილებლობა რასაც ზედმიწევნით, პერმანენტულად ვასაბუთებდით ჩვენს დასკვნებში. [ომბუდსმენის კონსიულიუმის წევრ ექიმებს] დამატებით მიეცათ შესაძლებლობა ზუსტად შეეფასებინათ პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულების შესატყვისობა იმ მოთხოვნებთან, რასაც ჩვენ ერთმნიშვნელოვნად და პერმანენტულად ვითხოვდით“ – აცხადებს ექიმი ჰემატოლოგი.

შარაშენიძე მადლობას უხდის კოლეგებს აკადემიური და მიუკერძოებელი დასკვნისთვის და აღნიშნავს, რომ გუშინ ომბუდსმენის გამოტანილი დასკვნა ავტომატურად ასაბუთებს მათი კონსილიუმის ასევე მიუკერძოებელ შედეგს.


გუშინ, 17 ნოემბერს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა მის მიერ შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული პირობების მის საჭიროებებთან თავსებადობას ეხება. დასკვნაში ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექიმთა ჯგუფი 13 ოქტომბერს შექმნა. 19 ოქტომბერს კი იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებდა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თანახმა იქნებოდა, ექიმთა კონსილიუმის ყველა რეკომენდაცია შესრულდება. იმავე დღეს, კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ გასცეს მიხეილ სააკაშილის ჰოსპიტალიზების რეკომენდაცია.

14 ნოემბერს კი სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გლდანის მე-18 დაწესებულებასი არ შეუშვეს. აღნიშნულს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოჰყვა განცხადებები, რომ კოსილიუმის საჭიროება აღარ დგას. 16 ნოემბერს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კონსილიუმის მუშაობის საჭიროება. მანამდე, მსგავსი შინაარსის განცხადება იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც გააკეთა. მან თქვა, რომ კონსილიუმი შეიქმნა მაშინ, როდესაც სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იმყოფებოდა.

„მე-12 დაწესებულება, ეს არ არის სამკურნალო დაწესებულება. ეს არის პენიტენციური დაწესებულება. დღეს, როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ. მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, რომელსაც მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

მსგავსი სიახლეები