ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ გაამართლა

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული სპორტსმენი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ მიიღო.

მოსამართლემ ბასილაშვილი ყველა ეპიზოდზე ცნო უდანაშაულოდ, მათ შორის, თქვა, რომ არ დაადგინა არც ფიზიკური, არც ეკონომიკური და არც გენდერული ნიშნით ძალადობა. ამავე სხდომაზე გაუქმდა აღკვეთის ღონისძიება – გირაო.

წარმატებული სპორტული კარიერის ფონზე, 2020 წლის 22 მაისს ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს, თუმცა 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ჩოგბურთელს ბრალი წარუდგინეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა (ნელი) დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობის მუხლით. დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილი მასზე სისტემატურად ძალადობდა – როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად და ეკონომიკურად, რასაც ბასილაშვილი და მისი ოჯახი უარყოფს.

დოროყაშვილმა პოლიცია და სასწრაფო სარაჯიშვილის გამზირზე, თბილისში ე.წ. ხელოსნების ქალაქის დასახლებასთან გამოიძახა. იქ შვილთან ერთად იყო და, როგორც თავად ქალი ამბობდა, ყოფილმა მეუღლემ ფიზიკური ძალადობა მიაყენა, ყოფილმა მამამთილმა კი – სიტყვიერი, ის ასევე დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით.

პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა – რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. სპორტსმენი წარდგენილ ბრალს არ არ ეთანხმებოდა.

სასამართლო პროცესი დაახლოებით, 2 წელია, რაც მიმდინარეობს.

სასამართლო პროცესებზე დაიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის, ნეკა დოროყაშვილი და მისი ოჯახის წევრები, ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა და ძმაც. თავად ბასილაშვილმა სასამართლოს სიტყვით 20 ოქტომბერს მიმართა. სხდომა ბასილაშვილის მხარის თხოვნით მოსამართლემ დახურა.

მსგავსი სიახლეები