მოსამართლეთა დანიშვნის გაგრძელება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შესაძლებლობა იქნება

მოსამართლეთა დანიშვნის გაგრძელება სასამართლო სისტემის რეფორმირების დაკარგული შესაძლებლობა იქნება – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანის განცხადებით, ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება.

“ახლა უკვე ეს ყველაფერი დამოკიდებულია პარლამენტზე, მთავრობასა და მმართველ პარტიაზე შეაჩერებენ თუ არა ამ პროცესს. ამით გამოჩნდება, ისინი რამდენად ერთგულნი არიან 19 აპრილის შეთანხმებისა, რომელიც თვეების მანძილზე გრძელდებოდა, რომელზეც მხარეები თვეების განმავლობაში საუბრობდნენ და საბოლოოდ მიიღწა შეთანხმება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ამ შეთანხმებაში არის სასამართლო რეფორმა და ამ შეთანხმების ეს პირობა რომ ჩაითვალოს განხორციელებულად, ამისთვის მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა დანიშვნის შეჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება, ეს წამოჭრის გარკვეულ შეკითხვებს. ის დასაბუთება, რომ სასამართლო სისტემაში არ არის საკმარისი რაოდენობა მოსამართლეებისა და მოსამართლეთა არდანიშვნა ამ ეტაპზე გამოიწვევს სასამართლო სისტემის კოლაფსს, ეს არ არის დასაბუთებული განცხადება. საერთაშორისო ექსპერტების მოსაზრებით, სასამართლო სისტემაში არის საკმარისი რაოდენობის მოსამართლეების, რაც მისცემდა სასამართლო სისტემას საშუალებას, ეს დანიშვნები შეჩერებულიყო, ვიდრე წარიმართება სრულად ინკლუზიური, დასაბუთებული პროცესი, რომელიც გაითვალისწინებს სრულად სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სხვადასხვა ჩართული აქტორების მოსაზრებას. თუ კი გაგრძელდება კვლავ ეს დანიშვნები, მაშინ რა თქმა უნდა, ეს იქნება დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის რეფორმირებისა და ეს შეასუსტებს სისტემას. იმედი გვაქვს, რომ ინკლუზიური პროცესი წარიმართება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.

კანონმდებლობის მიხედვით, პარლამენტში გაიმართება ამ კანდიდატებთა მოსმენები, რის შემდეგც კენჭიყრაზე გადაწყდება მათი უზენაეს სასამართლოში დანიშვნის საკითხი.

წყარო: GHN

მსგავსი სიახლეები