მითხრეს, რომ არათუ დაჭრილებს, ცხედრებსაც ვერ მიატოვებენ — ზელენსკი მარიუპოლის მცველებზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის შემდეგ პირველად, საათ-ნახევრიანი ინტერვიუ მისცა რუს ოპოზიციონერ ჟურნალისტებს.

ინტერვიუში ზელენსკიმ ისაუბრა ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ, რომლის წინაშეც რუსეთის ალყაში მოქცეული ქალაქი მარიუპოლი იმყოფება.

„ქალაქი ბლოკირებულია რუსი სამხედროების მიერ. ბლოკირებულია ყველა შესასვლელი და გასასვლელი ქალაქიდან. პორტი დანაღმულია. ჰუმანიტარული კატასტროფა ცალსახაა, რადგან წყლის, საკვების და წამლების მიწოდება შეუძლებელია. რუსი სამხედროები ცხრილავენ ჰუმანიტარულ ტვირთს, კლავენ მძღოლებს. რა ემართება მერე ტვირთს, არ ვიცი. ზოგი უკან მოაქვთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „გარკვეული შეთანხმებების“ საფუძველზე ხდება მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა უკრაინის მხარეს, ასევე, ძალისმიერი გაყვანა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით.

„2 000 ბავშვი გაყვანილია [რუსეთის მიმართულები], ე.ი. მოპარულია. ჩვენთვის ყველა მათგანის ადგილმდებარეობა უცნობია, ზოგი მშობლების გარეშეა. ეს კატასტროფაა. ვერ აღგიწერთ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. მათ „გაცვლითი ფონდისთვის“ ინახავენ. კულტურულ სიტყვებს ვერ ვპოულობ, მხოლოდ ემოციური შეფასებები მომდის“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მან „ღორობა“ უწოდა რუსეთის მიერ ტყვეების დაგროვების პოლიტიკას და თქვა, რომ თავად მომხრეა „ყველას ყველაზე გაცვლის“ მომხრეა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მარიუპოლის შიგნით არიან უკრაინელი სამხედროები, რომელთაც ქალაქის დატოვებაზე უარი განაცხადეს.

„სადაც შეძლეს შესვლა რუსმა სამხედროებმა, შევიდნენ. ქალაქის გარკვეულ ნაწილებში ვერ შევიდნენ, რადგან არიან ჩვენი ბიჭები, რომლებმაც უარი განაცხადეს გამოსვლაზე მათი მოწოდებების საპასუხოდ. ამ ბიჭების ოჯახებმა მომმართეს მე. მე მათ ვესაუბრე. ვესაუბრები ორ დღეში ერთხელ მაინც… მე მათ ვუთხარი: ყველაფერი მესმის, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით, მაგრამ თუ თქვენ გჭირდებათ გამოსვლა და გრძნობთ, რომ ასე სწორია და თქვენ შეძლებთ გადარჩეთ, გააკეთეთ ეს; მესმის, როგორ გამოიყურება ეს სამხედროსთვის, მაგრამ გააკეთეთ. მათ არჩევანის უფლება მივეცი. მათ მითხრეს: ჩვენ არ შეგვიძლია, აქ დაჭრილი ხალხია. ჩვენ ვერ მივატოვებთ დაჭრილებს. უფრო მეტიც, მათ თქვეს, რომ ვერ მიატოვებენ მოკლულებს“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გარდაცვლილები ქუჩაში, ტროტუარებზე ყრიან და ისინი არავის გაჰყავს.

„ჩვენი სამხედროები არ არიან მზად, მიატოვონ მკვდარი სამხედროებიც კი. გამოვიდნენ და გარდაცვლილები სადმე გადაყარონ, როგორც ნაგავი, ამისთვის მზად არიან. ოფიცრებს არ ეხება საქმე მხოლოდ, ჯარისკაცებს… ისინი იცავენ ქალაქს, იცავენ დაჭრილებს და იცავენ მკვდრებს, რომელთა დამარხვა სურთ. ჩვენ გვინდოდა გამოყვანა და ვითხოვეთ, ცხედრების გადმოცემა. არ მოგვცეს არც ცხედრების და არც დაჭრილების გამოყვანის უფლება. არ ვიცი, რუსი სამხედროები მაინც თუ გაჰყავთ“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მარიუპოლი ალყაშია და რუსეთის შეიარაღებული ძალები მას სისტემატურად ბომბავენ. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება დაზუსტება, რამდენი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მარიუპოლში, თუმცა უკრაინული მხარის ინფორმაციით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 2 300-ს აღემატება. მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს. ქალაქი ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. რუსეთის თავდასხმების შედეგად ქალაქში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, საკვები და წყალი. მარიუპოლში რუსეთმა დაბომბა სამშობიარო და თეატრის შენობა, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. მარიუპოლში დაღუპულებს საერთო საფლავებში ან ხშირად ვერც მარხავენ.

მსგავსი სიახლეები