ლაშა კუხიანიძე: ხალხი მოგთხოვთ პასუხს ყველა ჩადენილი დანაშაულის გამო

ძალიან რთულია იცხოვრო სახელმწიფოში სადაც, თავისუფლებას და არჩევანს ყოველწამიერად გართმევენ, სადაც პური უფრო ძვირად ფასობს ვიდრე წესრიგი და სამართლიანობა; სამწუხაროა მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი მტკივნეული მოცემულობა. თუმცა ამ ყველაფერში კარგი მარცვალიც შეიძლება მოიძებნოს და ეს არის შედეგი. შედეგი, რომელიც კონკრეტული მოცემულობის დროს სწორი მოქმედებით მიიღება. იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ და სახელმწიფო გადარჩეს საზოგადოებამ კოლექტიურად უნდა იმოქმედოს.

საჯარო მოწოდებების მომხრე არასდროს ვყოფილვარ ვინაიდან როგორც წესი ყველას თავისი გზა და ამ გზაზე თავისი არჩევანი გააჩნია, თუმცა დღეს არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მინდა მივმართო მათ, ვისაც ხელისუფლების მხრიდან მუქარის, მოსყიდვის, დაშინებისა და დევნის გამო, არჩევანი შეზღუდული აქვს.

თითოეულ თქვენგანს მინდა გითხრათ, რომ ნუ შეგეშინდებათ, ნუ დაუხრით თავს ნურავის; გააკეთეთ სწორი არჩევანი, ხმა მიეცით მას ვინც რეალურად გსურთ, ვისაც ენდობით, სადაც უკეთეს მომავალს ხედავთ და არა იმათ ვინც გემუქრებათ, გაშინებთ და გდევნით. გააკეთეთ სწორი არჩევანი დღეს, რათა გვქონდეს ხვალინდელი დღე, გააკეთეთ სწორი არჩევანი მომავალი საქართველოსთვის! თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანი ნებაყოფლობითი და ფარულია, ამის გამო ვერავინ და არავინ დაგსჯით. ნებისმიერი ხელისუფლება არის ხალხის დაქირავებული, რომელსაც აქვს ვალდებულება ემსახუროს საზოგადოებას და არა პირიქით, როგორც ეს მათ წარმოუდგენიათ. სახელმწიფოს უნდა მაართავდეს ხალხი! თქვენი ძალისხმევითა და სწორი არჩევანით ძალიან მალე, ეს „ბოლშევიკური“ სისტემა შეიცვლება სახალხო მმართველობით!

აქვე მინდა მივმართო სახელისუფლებო გუნდს; აი სწორედ იმ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ერთდროს ყველა სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი მთელი არსებით გვერდში ედგა. დღეს უკვე მაფიოზურ სინდიკატად, რომ ჩამოყალიბდა და ნამდვილ პატრიოტებს მოღალატეებს ეძახის; აი იმ „ოცნებას“ რომელმაც პირვანდელ პრინციპებს გადაუხვია და მართალი ადამიანები იძულებული გახადა გუნდი დაეტოვებინათ. გრცხვენოდეთ! სწორედ თქვენი ბრალია, რომ მსოფლიო მასშტაბის მეცენატზე საზოგადოების დიდ ნაწილს გული აქვს აცრუებული და აწ უკვე ყოფილ მხარდამჭერებსა თუ წევრებს იმედგაცრუების სიმძიმე აწევთ გულზე.

ძალიან კარგად ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ აგონიაშია, ეს თავადაც კარგად იციან; სწორედ ამის გამო, დღეს ეს ვაი „სახელისუფლებო გუნდი“  უკვე ყველაფერს იკადრებს, ბევრ სიბინძურესა და უკანონობას ჩაიდენს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. არ გაბედოთ და ზღვარს არ გადახვიდეთ! ხშირად მითქვამს და გავიმეორებ, ქართველი ხალხი არის ბრძენი და სწორედ ეს ქართველი ხალხი მოგთხოვთ პასუხს ყველა ჩადენილი დანაშაულის გამო. „ქართული ოცნების“ ყველა ჩანაფიქრი და უკანონობა ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურად შეგიშლით ხელს, არ დაგანებებთ საქართველოს მომავალი თქვენს პირად სურვილებს და მიზნებს გადაყვეს.

დამერწმუნეთ, ძალიან მალე წესრიგი და სამართლიანობა აღდგება!

ვიბრძოლოთ საქართველოსთვის და დავიბრუნოთ სახალხო მმართველობა!

„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ – ლაშა კუხიანიძე

მსგავსი სიახლეები