ლაშა კუხიანიძე – თუ დასრულდება, დასრულდება ხელისუფლებასთან ერთად!

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“-ს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა კუხიანიძე, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ამირან გამყრელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ალბათ გსმენიათ მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები – „ჩვენი ცხოვრება მთავრდება მაშინ, როდესაც ვჩუმდებით იმ საკითხებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

ამ ყველაფერს დასასრული არ უჩანს, ან თუ დასრულდება, დასრულდება ხელისუფლებასთან ერთად. ამაზრზენია, როდესაც ყოველდღიურად გვესმის სხვადასხვა ინფორმაცია, რომლებიც ერთმანეთის ალოგიკურობას ადასტურებენ.

დღეს ეს „სახალხო ტაშით“ დაჯილდოებული გამყრელიძე გამოდის და პირდაპირ დისკრიმინაციულ რეკომენდაციებს აფრქვევს. ანუ რა გამოდის?! მისივე თქმით, თუ ავიცრებით ვაქცინის ორი დოზით, რომელიც კონკრეტულად არ ვიცით რამდენად ეფექტურია, მათ შორის ახალ შტამთან მიმართებაში, თან გვერდით მოვლენებს იწვევს და ქვეყანაში საკმარისი რაოდენობითაც არ არის, გადაადგილების შეზღუდვა არ შეგვეხება და პირიქით წამახალისებელ აქციაშიც კი მოვხვდებით. შესაბამისად გამოდის, რომ მოქალაქეებს გარკვეული რისკების გაწევისკენ უბიძგებთ. არც მიკვირს, რომ მსგავსი „პრომოუშენები“ გახდა საჭირო, ვინაიდან მოსახლეობაში ნიჰილიზმია. ერთმანეთთან მაინც იქონიეთ კომუნიკაცია, ჩამოყალიბდით ერთ აზრზე და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებაც აღარ მოგიწევთ.

მე არ ვამბობ, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი ვარ, თუმცა უნდა ეყოთ გამბედაობა და ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა აიღონ. ამასთან, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა წარმოების ვაქცინა და ვფლობდეთ ზუსტ ინფორმაციას, რაც როგორც ჩანს თავად ექიმებსაც კი არ გააჩნიათ.

ხელისუფლებას მივმართავ: დაწესებულ შეზღუდვებს, მათ შორის კომენდანტის საათს არანაირი ახსნა არ აქვს, ნუ იყენებთ პანდემიას თქვენს სასარგებლოდ და მოსახლეობის დასაუძლურებლად. მოგიწოდებთ, ნუ ექცევით საზოგადოებას, როგორც „საცდელ ვირთხებს“ და ბრბოს. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, ქართველი ხალხი არის ბრძენი და ძალიან მალე ყველა კითხვაზე პასუხი მოგეთხოვებათ.

მსგავსი სიახლეები