საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია, თუმცა კონკრეტულად რამდენი იქნება ფასნამატი, ასოციაციაში ვერ აკონკრეტებენ.
როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ჭყონიამ განმარტა, რუსეთთან შედარებით, ევროპული ბაზრებიდან იმპორტისთვის საჭირო მხოლოდ ლოგისტიკური ხარჯი 50%-ით ძვირი ჯდება.
“ალბათ პანდემია მოგვენატრება, ისეთი ფასები იქნება საკვებზე. ვფიქრობ, FAO-ს ანგარიშში უფრო ნაკლები რიცხვია ნაჩვენები, ვიდრე ჩვენთან დადგება; მხოლოდ 22%-იანი ზრდა თუ გვექნება, ეს იქნება იდეალური, მაგრამ კონკრეტული პროგნოზის გაკეთება მიჭირს, რადგან ჩვენი ქვეყანა თავიდან ბოლომდე იმპორტზეა დამოკიდებული; ადგილობრივი წარმოება რაც გვაქვს, მისი დიდი წილიც უჭირავს იმპორტირებულ ნედლეულს, მათ შორის გაზსა და ელექტროენერგიას. ასევე ნავთობის ფასი, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის თვითღირებულებაზე მნიშვნელოვნად აისახება, ნებისმიერ პროდუქტს სჭირდება ლოგისტიკა.
მულტინაციონალურ კომპანიებსაც თავის ცენტრები ჰქონდათ რუსეთში გახსნილი, რომელიც ფარავდა ახლო აღმოსავლეთს და მეზობელ რეგიონს, რადგან წარმოება და ლოგისტიკა ჯდება იაფი. ეს რომ შეიცვლება და ევროპულ ბაზარზე გადავეწყობით, ვიცით, რომ ევროპაში ენერგომატარებლები გაცილებით ძვირია, ფასნამატი იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე – 22%. მარტივად რომ აგიხსნათ, ევროპიდან ტვირთის წამოღების ხარჯი 4 ათასი ევროს ფარგლებში თუ იყო და ახლა 6-7ათასი ევროს ფარგლებში მერყეობს. სხვადასხვა მოცულობის ტვირთის გათვალისწინებით, ფასი იქნება სხვადასხვა, გააჩნია ტვირთის მოცულობას.
აღსანიშნია კიდევ ერთი გარემოება, რომ არიან ქვეყნები, ვისაც არ აქვს შეწყვეტილი ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან და ამით ისარგებლებენ ანუ იქ ნაყიდ ნედლეულს შეიტანენ თავის ქვეყანაში, შემდეგ სხვა შტრიხკოდს მიაკრავენ, შეფუთავენ და ჩვენთან შემოვა 50%-თ უფრო ძვირად”, – აცხადებს ივა ჭყონია.