თანხების მითვისების ბრალდებით აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ააიპ ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, საუბარია სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაზე ,,დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში ბრალდებულმა ლურჯი მოცვის ნერგების შეძენის პროცესში 29 200 ლარი მიითვისა.

“გარდა ამისა, ბრალდებულის დავალებით, ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ იმჟამინდელ უფროსთან შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებით გადაირიცხა სხვადასხვა ოდენობის თანხები”.

დაკავებულს ბრალდება 2021 წლის 18 დეკემბერს წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მსგავსი სიახლეები