თამარ გაბუნია – ვაქცინაციაზე ჯავშნები იმატებს, თუმცა მეტის მოლოდინი გვქონდა

“ვაქცინაციაზე ჯავშნები იმატებს, თუმცა მეტის მოლოდინი გვქონდა”, – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„გუშინ დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის კამპანია, გაიხსნა რეგისტრაციის პორტალი. ამ ეტაპზე 100 ათასი ჯავშანია გახსნილი და მოქალაქეებს მოვუწოდებთ დარეგისტრირდნენ ასაცრელად. 160 დაწესებულება არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში, ქვეყნის მასშტაბით. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელექტრონული პორტალის, ასევე უშუალოდ დაწესებულების ვებ-გვერდზე. შესაძლებელია ასევე კლინიკებში მისვლა და აცრის ჩატარება, უბრალოდ, ეს გზა რიგების თავიდან აცილების მიზნით ნაკლებად სასურველია.

დაახლოებით, 27 ათასი ჯავშანი იყო დილის მდგომარეობით, სწრაფად იმატებს, თუმცა იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოლოდინი გვქონდა მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მოლოდინზე ნაკლები მოთხოვნის არსებობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალტერნატიული ვაქცინების მოლოდინს უკავშირებს.

„ვფიქრობთ, შეიძლება აქ იყოს მოლოდინი ალტერნატიული არჩევანის თაობაზე; შესაძლოა, ქვეყანაში შემოვიდეს „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინების დოზები და ალბათ მოქალაქეები ელოდებიან ამ ვაქცინებს. მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის გაძლიერება და უწყებებში აცრის გაკეთების მოწოდება“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ორჯერადად ვაქცინირებულებში ინფიცირების მაჩვენებელი 0.3%-ია, ხოლო ერთხელ ვაქცინირებულებში – 0,8%. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში აცრილი მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

 

წყარო: BM.GE

მსგავსი სიახლეები