ზელენსკის თქმით, სამ დასახლებაზე აღადგინეს კონტროლი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინის შეიარღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში სამ დასახლებაზე აღადგინეს კონტროლი. როგორც Reuters წერს, უკრაინის კონტრშეტევის შედეგების შეჯამებისას, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორი დასახლება ქვეყნის სამხრეთში მდებარეობს, ერთი კი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რომელ დასახლებებზე იყო საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ პროგრესი აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონსა და ლისიჩანსკ-სივერსკის მიმართულებით დაფიქსირდა.

უკრაინული ძალების კონტრშეტევის ეფექტურობაზე საუბრობს „ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც“. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ხელშესახები პროგრესი დააფიქსირეს ხერსონის ოლქში რამდენიმე მიმართულებასა და დონეცკის ოლქში მდინარე სევერსკი დონეცის გასწვრივ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებებზე შეტევის მიზანი რუსეთის მომარაგების ჯაჭვის და სამეთაურო ცენტრებთან კავშირის გაწყვეტაა.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ განცხადებით, გუშინ 4 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის სამხრეთში გათავისუფლებულ სოფლებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „უკრაინის დროშები მათ კანონიერ ადგილს უბრუნდება“. მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის დასახლებების სახელები არ უხსენებია, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მთავრობის სხვა წევრებმა გაავრცელეს ფოტოები სადაც ვისოკოპილიასა და ხერსონ-დნიპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტარაციულ საზღვარზე უკრაინის დროშები ფრიალებდა.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, რუსულმა ავიაციამ შეტევა განახორციელა სუხი სტავოკის, ბეზიმენეს, კოსტრომკას და სხვა დასახლებებზე მდინარე ინგულეცის ხიდთან ახლოს, რაც ორგანიზაციის თქმით, შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ უკრაინელებმა რუსეთის ჯარებს ხიდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 12 კილომენტრით დაახევინეს უკან.

ამასთან, „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ თქმით, სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრებით დგინდება, რომ 3 და 4 სექტემბერს უკრაინის ძალები ხერსონის ოლქის ცენტრალურ ნაწილში რუსულ სამიზნეებს ბომბავდა.

მსგავსი სიახლეები