დევიდ კრამერი: ,,მოვითხოვ, რომ ღარიბაშვილს სანქციები დაადონ”

დევიდ კრამერი, ბუშის ინსტიტუტის, გლობალური პოლიტიკის მმართველი დირექტორი ,,ამერიკის ხმასთან” საქართველოსა და უკრაინის ამჟამინდელ ურთიერთობაზე საუბრობს და პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებების შეფასებას აკეთებს:

-პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ არ შეურთდება [დასავლეთის სანქციებს] და ვფიქრობ, ზელენსკის ყველა უფლება აქვს, რომ გაბრაზებული იყოს საქართველოს მთავრობაზე. მგონია, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან უკმაყოფილოა საქართველოს მთავრობით. ეს ის დროა, როდესაც უკრაინას სჭირდება და იმსახურებს საერთაშორისო სოლიდარობას, მათ შორის საქართველოდანაც…

უკრაინელებმა დააფასეს, რამდენი ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად. ქართველმა ხალხმა ნათელი გახადა, რომ ისინი უკრაინას მხარს უჭერენ, თუმცა ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა არ გამოხატავს ხალხის აზრს.

ვფიქრობ, მომავალში საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაუარესებას დავინახავთ. ამაში კი პრემიერ-მინისტრს და ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ. ისინი უნდა შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, უკრაინის გვერდით უნდა იდგნენ. საქართველოს პარლამენტმა კი რეზოლუცია უნდა გამოსცეს, სადაც რუსეთი დასახელებული იქნება, როგორც დამნაშავე მხარე ამ შემთხვევაში.

ის, რაც [საქართველოს მთავრობამ] აქამდე გააკეთა, ნამდვილად არ იყო საკმარისი. როგორც მესმის, მთავრობა არ აპირებს, ევროკავშირის წევრობა მოითხოვოს 2024 წლამდე. ეს მაფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გარკვეულწილად, დისტანცირება მოახდინოს უკრაინის მთავრობისგან.

-რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარს საქართველო ორი ძირითადი მიზეზით ხსნის: ქართული ეკონომიკა რუსეთისაზეა დიდწილად დამოკიდებული. ასევე, თუ საქართველო, სადაც ერთხელ უკვე შეიჭრა რუსეთი, ფრთხილად არ იქნება, მაშინ დიდია იმის ალბათობა, რომ პუტინი კვლავ დაიწყებს ომს.

-კოპმრომისზე წასვლასა და პუტინთან შეწყობაზე საუბარი უადგილოა. მას მიზნად ჰქონდა დასახული, რომ შეჭრილიყო საქართველოში, ეს დაეწყო პროვოკაციის მოწყობით 2008 წელს. ის შეიჭრა უკრაინაში არა ნატო-ს საკითხის გამო, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა მზად იყო, ევროკავშირთან შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი…

-პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ „სანქციები არ მუშაობს“. სანქციებზე უარის თქმით, რომელ მხარეს აღმოჩნდა საქართველო?

-[საქართველო ამ გადაწყვეტილებით] ნამდვილად არ დგას დემოკრატიულ საზოგადოებასთან ერთად. არ მინდა, ისე შორს წავიდე, ვთქვა, რომ [საქართველო] პუტინის გვერდით დგას, თუმცა, იმათი არგუმენტები, ვინც ამას იტყოდა, სრულიად გასაგები იქნება ჩემთვის. საქართველოს მთავრობა ქმნის იმის ხატებას, იმის განცდას, რომ თითქოს მხარს უჭერენ, რასაც პუტინი აკეთებს. ნამდვილად შემაშფოთებელია, რომ საქართველოს მთავრობა სწორ პრინციპებს არ ირჩევს.

როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს, ჩემი პასუხი ამაზე იქნება – მოდით, მაშინ ბატონ ღარიბაშვილს დავუწესოთ სანქციები და ვნახოთ, მასზე იმუშავებს თუ არა ის. წელიწადზე მეტია ვამბობ, რომ ის სანქცირებული უნდა იყოს იმისთვის, რაც გასულ წელს გააკეთა, როდესაც პრემიერად დაბრუნების შემდეგ [ნიკა] მელიას დაკავებას მოაწერა ხელი. ასევე, მისი ქმედებების გამო გასულ ივლისს დემონსტრაციებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის, სხვა უამრავი რამის გამოც.

ამერიკის ხმა

მსგავსი სიახლეები