გოგაშვილის თქმით მისი ერთი ადვოკატი გომელაურთან შუამავალი იყო

აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა – სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩემს უფლებებს იცავს ორი ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე და დიმიტრი ღონღაძე. ისინი მე დამაკავშირეს ჩემმა მეგობრებმა, რომლებსაც ბუნებრივია ვენდობი. ადვოკატებს ჩემთან და ჩემს ოჯახის წევრებთან აქვთ თითქმის 24 საათიანი კომუნიკაცია, ყოველდღიურ რეჟიმში. ისინი ახდენენ მტკიცებულებათა შეგროვებას და აქვთ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან და მედია საშუალებებთან. მოკლედ, მათ ორივეს, საზოგადოება ახლა უკვე იცნობს, როგორც ჩემს უფლებადამცველებს, თუმცა, მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მე მყავდა კიდევ მე-3 ადვოკატი, რომელიც რამოდენიმე დღე ,,იცავდა ჩემს უფლებებს’’. ეს გახლავთ დიმიტრი მჭედლიშვილი, რომელიც გაქრა. ახლა მოგიყვებით მის შესახებ: როდესაც მე მეოთხეჯერ ვესაუბრე ციხიდან ვახტანგ გომელაურს და დავუფიქსირე ჩემი მოთხოვნა, ეს იყო ბოლო ზარი, სადაც მან მითხრა, რომ ტელეფონით საუბარი რისკს შეიცავდა მისთვის, რადგან რიგით ბადრაგებს არ ენდობოდნენ და შეიძლება ინფორმაცია გაჟონილიყო, ამიტომ შემომთავაზა, რომ კომუნიკაცია მოხდებოდა მათთვის სანდო პირის (ადვოკატი) საშუალებით, რომლის საკონტაქტო ინფორმაციასაც გადმომცემდა მე-12 დაწესებულების დირექტორის მოადგილე, ხარიტონაშვილი.

შემდეგ ის შემოვიდოდა ჩემთან, როგორც ჩემი ადვოკატი და გადმომცემდა მათ პირობებს კონკრეტულად. ეს ჩემთვის დამატებითი მტკიცებულების შანსი იყო და ბუნებრივია, დავთანხმდი. ხარიტონაშვილმა გადმომცა დიმიტრი მჭედლიშვილის ტელეფონის ნომერი, რომელიც მე ჩემი ადვოკატების მეშვეობით გადავეცი ჩემს ოჯახს. თან გავუმხილე ჩემი განზრახვის შესახებ, რომ ეს იქნებოდა დამატებითი მტკიცებულება და უჩემოდ არ გაეხმოვანებინათ ეს ინფორმაცია. მოხდა დიმიტრი მჭედლიშვილთან დაკავშირება, იგი მივიდა ჩემს ოჯახში და მოხდა ფორმალურად კონტრაქტის შედგენა, აღნიშნული ფაქტი ოჯახმა დააფიქსირა. ამის შემდეგ ადვოკატი დიმიტრი მჭედლიშვილი შემოვიდა ჩემთან მე-12 დაწესებულებაში, თარიღს მნიშვნელობა აღარ აქვს როდის, რადგან ეს კადრებიც წაშლილი იქნება, თუმცა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეუძლია ვიზიტორების სია გადაამოწმოს. მჭედლიშვილი გამეცნო, მითხრა, რომ იგი ადრე მუშაობდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, ის ქალაქგარეთ იმყოფებოდა, როცა დაურეკეს პროკურატურიდან და უთხრეს, რომ ჩამოსულიყო.

მან ასევე მითხრა, რომ ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო თუ როგორ მუშაობდა სისტემა. ჩემთვის სჯობდა, რომ დავთანხმებულიყავი მათ შემოთავაზებას და თან დასძინა, რომ ხომ ნახე FBI ტრამპის სახლში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარესო. მე შიკრიკი უხეშად გავაჩერე და ვუთხარი, რომ არც მე არ ვიყავი ტრამპი და არც სუსი არის FBI, სჯობდა რაც დააბარეს ის ეთქვა ჩემთვის. მან მითხრა, რომ მათი მოთხოვნა იყო, პირველ რიგში აფგან მუხთარლიზე უნდა მეთქვა, რომ მის შესახებ აღელვებულმა დავწერე ის სტატუსი და დამატებით ინფორმაციას არ ვფლობდი აღნიშნულის შესახებ, გარდა ოფიციალურად გავრცელებული ცნობებისა. რაც შეეხება არჩევნების გაყალბების თემას, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ იყვნენ და მოგვიანებით მეტყოდნენ რა ჩვენება უნდა მიმეცა. მე მას ვუთხარი, რომ გადაეცა ყველასთვის, რომ ჩემი პირობა იყო, ჩემი დაზარალებულად ცნობა, გაყალბებულ საქმეში გამართლება და ნამდვილი დამნაშავეების დასჯა. ამის შემდეგ მე მჭედლიშვილი აღარ მინახავს.

კრიმინალებო! მჭედლიშვილი სერვერი არ არის, რომ წაშალოთ ან დაწვათ და გაეცით პასუხები საზოგადოებას”, – წერს სოსო გოგაშვილი.

მსგავსი სიახლეები