გიორგი გახარია – ქვეყანას ახალი გზა სჭირდება. უნდა გამოვიდეთ ჩაკეტილი წრიდან, რომელმაც მიგვიყვანა ცემა-ტყეპამდე, ჭორაობამდე, გინებამდე”

გიორგი გახარია: ,,ქვეყანას ახალი გზა სჭირდება. უნდა გამოვიდეთ ჩაკეტილი წრიდან, რომელმაც მიგვიყვანა ცემა-ტყეპამდე, ჭორაობამდე, გინებამდე და ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ტრაგედიებში გადაიზრდება ხოლმე.“
გიორგი გახარიამ დღეს პარტია „საქართველოსთვის“ ახალი ოფისი მცხეთაში გახსნა და მედიის შეკითხვებსაც უპასუხა.
„მე სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ქვეყანას ახალი გზა სჭირდება, ახალი პერსპექტივა სჭირდება. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ჩაკეტილი წრიდან, რომელზეც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დავრბივართ და რომელმაც მიგვიყვანა სიძულვილამდე, რადიკალიზაციამდე, ერთმანეთის ცემა-ტყეპამდე, ჭორაობამდე, გინებამდე და საბოლოოდ ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. ეს ყველაფერი ცალკე აღებული ჩვენი მოქალაქეების ტრაგედიებში გადაიზრდება ხოლმე, სამწუხაროდ, ასე ხდება, როცა სახელმწიფო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.“ – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ.
„იმ ქაოსის მიუხედავად, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და იმ ცირკის მიუხედავად, რაც პარლამენტში ხდებოდა – ჩვენ ჩვენს გეგმას მივუყვებით. ჩვენ ამ გზიდან არ გადავუხვევთ, იმიტომ, რომ ვთვლით, რომ ქვეყნის მომავლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს არის ძირითადი წინაპირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს -პარტიული ოფისების გახსნა, არჩევნებში მონაწილეობა, ახალი თაობის ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებმაც ამ ქვეყნის მომავალი უნდა ჩაიბარონ.“ – ამბობს გიორგი გახარია.

მსგავსი სიახლეები