„ვისი ვიოლინო ვის როიალშია“ ანუ ქართველი ბელადების ამერიკული ვიზიტების ანატომია
მუხრანის გენიალური ლექსი ხომ გახსოვთ, აი, ის, სულხან საბა ლუდოვიკო მეთოთხმეტეს რომ შეხვდა? ისიც ხომ გახსოვთ, „ელჩმა ქართლისამ“ იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ისევ ის რომ ჩამოიტანა, რაც ჩაიტანა? ჰოდა, თუ ყველაფერი ეს გახსოვთ და ჩვენს პოლიტიკასაც თვალს გაფაციცებით ადევნებთ, მაშინ აუცილებლად მიხვდებოდით, რომ ქართველი მაღალჩინოსნებისა თუ ოპოზიციონერების დასავლეთში ვიზიტები, უბრალოდ, ვიზიტები იყო და მეტი არაფერი. კერძოდ, „უბრალოდ, ვიზიტი“ იმას ნიშნავს, რომ მელიამ, გახარიამ, სააკაშვილმა თუ სხვებმა, აშშ-სა თუ ევროპის დედაქალაქებში სტუმრობისას „თვალს წყალი დაალევინეს“, თორემ სინამდვილეში, როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, ეს ვოიაჟები შედეგს არც კონკრეტული ბელადებისთვის მოიტანს და, მით უმეტეს, არც – საქართველოსთვის.
ისე, ყურადსაღებია, რომ იგივე კობახიძის ვიზიტის შემდეგ, ამერიკელებმა მმართველი გუნდის მიმართ ტონი შეარბილეს. ყოველ შემთხვევაში, ბოლოდროინდელი განცხადებებით, სენატორები უფრო ოპოზიციას „ერჩიან“. კერძოდ, ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებენ, რომ ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი აუცილებლად მოაწეროს.
ამის დასტურია, თუნდაც ჯინ შაჰინისა და რონ ჯონსონის ერთობლივი განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და რომელშიც ვკითხულობთ:
„სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გაგზავნა ძლიერი, ორპარტიული გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ ჩვენი პარტნიორის გვერდით და მხარს ვუჭერთ მის მნიშვნელოვან ძალისხმევას, შექმნას უფრო მეტად პასუხისმგებლიანი, ანგარიშვალდებული მთავრობა და განახორციელოს მისი ტრანსატლანტიკური მიზნები. კომიტეტის მიერ მიღებული რეზოლუცია ადასტურებს შეერთებული შტატების ინტერესს, რომ ყველა პარტია დაიცავს 19 აპრილის შეთანხმებასა და მის სულისკვეთებას, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ყველა დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ შეთანხმებას და ყველა პარტიამ კეთილსინდისიერად იმუშაოს, რათა განავითარონ და სრულად განახორციელონ სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, რაც საჭიროა მათი დემოკრატიის განმტკიცებისთვის.
ქართული დემოკრატიის სტაბილურობას ფართო გავლენა აქვს აღმოსავლეთ ევროპაში რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ეს მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა რუსეთი საკუთარი მავნე გავლენების გავრცელებაზე მუშაობს“.
აქვე, შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საქართველოს თაობაზე ახალი რეზოლუცია მიიღო, რომელშიც სენატი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, 19 აპრილის შეთანხმების სრულ იმპლემენტაციაზე იმუშაონ. სენატი, ასევე, მოუწოდებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს.
სხვათა შორის, პოლიტიკურ წრეებში არსებობს მოლოდინი, რომ აშშ-დან დაბრუნებული ნიკა მელია, ადრე თუ გვიან, იტყვის, რომ ენმ 19 აპრილის შეთანხმებას ხელს აწერს. ამასთან, ანალიტიკოსები იმასაც ელოდებიან, ენმ-ს ლიდერებმა თქვან, რომ პოზიცია ამ კუთხით მხოლოდ და მხოლოდ დასავლელი პარტნიორების თხოვნისა და პატივისცემის გამო შეიცვალეს.
მოკლედ და კონკრეტულად, ოპოზიცია, უფრო სწორად, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, დასავლეთთან ურთიერთობა დაალაგოს ანუ უცხოელები საკუთარ სანდოობაში დაარწმუნოს. მიზანი საშუალებას გაამართლებს თუ არა, ამის თქმა, ამ ეტაპზე, რთულია, მით უმეტეს, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი, იგივე თეთრ სახლსა, თუ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქებს ხელისუფლებაშიც ჰყავთ გამოცდილი.
ავიღოთ, მაგალითად, ენმ, უფრო სწორად, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, სხვათა შორის, ამჯერად აშშ-ში სწორედ მაშინ ჩავიდა, როცა იქ გახარიაც იმყოფებოდა და მელიაც.
ორივე ოპოზიციური ფრთის ლიდერები აცხადებენ, აშშ-ში ჩვენი ვიზიტები ერთმანეთს შემთხვევით დაემთხვა და ერთ სასტუმროშიც შემთხვევით აღმოვჩნდითო. ამ თემაზე მესამე პრეზიდენტმა, ესე იგი, მიხეილ სააკაშვილმა კი „ტვ პირველის“ ეთერში, ცოტა არ იყოს და, არაეთიკურად იხუმრა. კერძოდ, სააკაშვილმა თქვა:
„ერთ სასტუმროში კი არა, ერთ საწოლში გვეძინა ჩახუტებულებს და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ. აი, რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე?!“
სააკაშვილის არაეთიკური ხუმრობა იქით იყოს და ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა გახარიას და, საერთოდ, ქართველი პოლიტიკოსების ამერიკულ ვიზიტებზე საუბრისას, საინტერესო ვერსიას ანვითარებს.
„თუ ვაშინგტონიდან მიღებულ მწირ ინფორმაციას დავეყრდნობით, გიორგი გახარიას უფრო მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონდა, ვიდრე – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებს.
პრინციპში, არც ამ შეხვედრების შინაარსის შესახებ გვაქვს რამე სათქმელი, რადგან ვაშინგტონის ქართული პოლიტიკური კვირეულის მთავარ ინტრიგად გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო შეხვედრის ამბავი იქცა.
არ ვიცი, იფიქრა თუ არა, ხელისუფლებამ, როდესაც ამ ამბისგან სენსაციის გაკეთება სცადა, მაგრამ ასეთი ტიპის მდარე ინტრიგები ძალიან დამაზიანებელია მისთვის, რადგან მხოლოდ ხაზს უსვამს „ოცნების“ შინაარსისა და შემოქმედებითობისაგან დაცლილ პოლიტიკას“, – აცხადებს ჯეჯელავა.
მოკლედ, პოლიტიკური ლიდერების ნაწილი მოწყალებას ქვეყნის გარედან ელის, ნაწილი კი ცდილობს, რომ ვიღაცებს თავი გაახსენოს. ამ მხრივ, დღეს „ცვეტში“ გახარიაა ანუ გარკვეული ადამიანები, რომელთა პოლიტიკურმა მატარებელმაც ჩაიარა, ექსპრემიერთან მისასვლელ გზებს ეძებენ.
„ერთ-ერთი, ვინც გახარიას გუნდში შესვლას ცდილობდა, ეკა ბესელია იყო“, – ეუბნება „ვერსიას“ ადამიანი, რომელიც ქართული პოლიტიკის კულუარებში კარგად კი არა, ძალიან კარგად ერკვევა.
ჩვენივე წყაროს თქმით, მას შემდეგ, რაც გახარიამ სამთავრობო გუნდი დატოვა, ბესელია რამდენჯერმე შეეცადა, რომ მასთან კომუნიკაცია დაემყარებინა, თუმცა ყველა ეს მცდელობა, თურმე, კრახით დასრულდა.
რატომ არ ისურვა გახარიამ ბესელიასთან შეხვედრა? – ამ კითხვაზე „ვერსიის“ წყაროს პასუხი არ აქვს. სამაგიეროდ, ჩვენი წყარო ამბობს, რომ გახარიამ უკვე დაუშვა საბედისწერო შეცდომები.
„ნამდვილად არ ვიცი, ბესელიას თავისი გუნდის კარი რატომ არ გაუღო, მაგრამ მერწმუნეთ, გახარიამ თავის გვერდით რამდენიმე ისეთი ადამიანი დაიყენა, რომელთა გამოჩენა იმათაც გააღიზიანებს, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერები ნამდვილად არ არიან“, – ამბობს „ვერსიის“ წყარო.
ჩვენ, ცხადია, დავინტერესდით, თუ ვინ არის ის რამდენიმე ადამიანი, რომლის გვერდით დაყენებითაც, ექსპრემიერის იმიჯი, რბილად რომ ვთქვათ, დაზიანდება, თუმცა ინკოგნიტო კონფიდენტმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
„ჯერჯერობით, „კარტებს“ არ გავხსნი, თუმცა მოვა დრო და ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი“, – ამბობს ჩვენი ინფორმატორი.
რას იტყვის ინფორმატორი? – ამის შესახებ, ცხადია, არ ვიცით. სამაგიეროდ, ზუსტად მხოლოდ ჩვენ, „ვერსიის“ გუნდმა კი არა, ალბათ, თქვენც იცით, უფრო სწორად ხვდებით, რომ ქვეყანაში სერიოზული აბრაკადაბრაა. ჰოდა, ამ აბრაკადაბრას შემყურეს, პირადად მე, ერთი ძველი, ჩვენი სიყმაწვილის ჰიტი მახსენდება, რომელსაც თუ არ ვცდები, მარიკა თხელიძე და სოსო თოლორაია ასრულებდნენ – „ქვეყანა აირია, აირია, აირია…“
ჰო, მაშინ, შორეულ და ბნელ 90-იან წლებში, „ქვეყნის არევა“ არავის გვიკვირდა, რადგან მაშინ ყველაფერი თავდაყირა იდგა და 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ცოტა დალაგება რომ დაიწყო – დენისა და გაზის გრაფიკი აღარ იყო, აი, ეს გვიკვირდა. ახლა კი, სხვა რაღაცები გვიკვირს.
ისე, ის, ქართულ პოლიტიკაში აჯაფსანდალი რომაა, გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგან 30 წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ ანუ როგორც ცხონებული ჯანსუღ ჩარკვიანი იტყოდა, ვერავინ გაიგებს, ვისი ვიოლინო ვის როიალშია.
ავტორი – ნინო დოლიძე
წყარო – გაზეთი „ვერსია“