გახარიას მხარდაჭერის გამო, ბაღების სააგენტოდან თანამშრომელი გაათავისუფლეს

პარტიის „საქართველოსთვის“ მხარდაჭერის გამო თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ ავდალიანი სამსახურიდან გაუშვეს
„ქართული ოცნება გახარიას და პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების, ჩვენი წევრების დევნას აგრძელებს. რაც კიდევ უფრო მძიმეა, ხელისუფლებას პირდაპირი იერიში მიაქვს საჯარო მოხელეებზე – გამონაკლისი რა თქმა უნდა არც თბილისის მერია და მისი სსიპ-ებია” – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” და თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ფარცვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც დავით ფარცვანიამ აღნიშნა, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ ავდალიანი უკანონოდ , პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გაუშვა.
“დატოვეს სამსახურის გარეშე ადამიანი ერთადერთი მიზეზის – მისი პოლიტიკური შეხედულებების და კონკრეტულად პარტია “საქართველოსთვის“ მის მიერ ღიად გამოხატული და დაფიქსირებული მხარდაჭერის გამო. ნოდარ ავდალიანი 2018 წლიდან ა.ა.ი.პ „თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტო“-ში ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას ე.წ. უვადო კონტრაქტის პირობებით იკავებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, მოულოდნელად, უკანონოდ და პოლიტიკური მოტივით, ის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით სამსახურიდან გაუშვეს. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ საჯარო მოხელეს პირდაპირ უთხრეს, რომ მისი უსამსახუროდ დატოვების გადაწყვეტილებას ერთადერთი მოტივი ჰქონდა და ეს პარტიის „საქართველოსთვის“ ღია მხარდაჭერას უკავშირდებოდა” – განაცხადა დავით ფარცვანიამ.
ფარცვანიას თქმით, თბილისის მერიის და სააგენტოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა უკვე დაიწყეს.
„ფაქტია, რომ ოცნება უკვე ერთი ერთში მოქმედებს ნაციონალური მოძრაობის მეთოდებით და ხელისუფლების პოლიტიკურ ეჭვიანობას კი, უკვე კეთილსინდისიერი ადამიანები და მაღალკვალიფიციური საჯარო მოხელეებიც ეწირებიან.
თუმცა ერთი იცოდნენ, ჩვენ ამით ვერ გაგვაჩერებენ და ცვლილებების პროცესი, რომელიც 4 თვის პარტიამ მოვიტანეთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, ცენტრალურ დონეზეც აუცილებლად მივა საბოლოო ცვლილებამდე.
ჩვენ სამართლებრივი დავა თბილისის მერიის და სააგენტოს წინააღმდეგ დაწყებული გვაქვს” – განაცხადა დავით ფარცვანიამ.

მსგავსი სიახლეები