გახარიას გუნდის წევრი შალვა კერესელიძე – დიმიტრი ხუნდაძეს დაუპირისპირდა

შალვა კერესელიძე დიმიტრი ხუნდაძეს დაუპირისპირდა

შალვა კერესელიძე დიმიტრი ხუნდაძეს: „აქციები თქვენი და მერიის ორგანიზებული იყო. ეუბნებოდით ტყუილებს, რომ მთავრობა მცხეთას შლის, თბილისს უერთებენ ტერიტორიებს“

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი და მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი – შალვა კერესელიძე პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატს – დიმიტრი ხუნდაძეს დაუპირისპირდა. შალვა კერესელიძეს დიმიტრი ხუნდაძეს ტყუილების დიდოსტატი უწოდა.

„ვიცით ახლა, ბატონო დიმიტრი, რომ დიდოსტატი ხართ ტყუილების – ალბათ პარასკევიდან მოყოლებული ეს სამი დღე მაგაზე ფიქრობდით, ეს ახალი ტყუილი რომ გეთქვათ –  რომ თურმე ამხანაგობა „აქოლისის“ მხარდამჭერად ჩამთვალეთ, მაგრამ რეალობა აქ არის სხვა. მე ვიყავი და ვარ დღესაც და მუდამ ვიქნები ამ პოზიციაზე, რასაც ყოველთვის ვაფიქსირებდი – აქ ისეთ იდეალურ გეგმას, სადაც ყველა იქნება 100%-ით კმაყოფილი, აი პირდაპირ გეუბნებით, რომ ვერ შეიმუშავებთ. აქ მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ პირველ რიგში, გეგმა იყოს სახელმწიფოებრივად სწორი და პასუხობდეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამას ვამბობდი მაშინაც, ამას ვამბობ ახლაც და ამას ვიტყვი მუდამ.  რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესი ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იყოს პირველ რიგში გათვალისწინებული, როგორც კერძო ბიზნესის ინტერესი, როგორც საპატრიარქოს ინტერესი, თვითმმართველობის ინტერესი და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი და მნიშვნელოვანი აქ არის სახელმწიფოებრივი ინტერესები, ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან და ერთ პოზიციაზე ვიყავით და ამ პოზიციაზე ვართ ახლაც“ – ამბობს კერესელიძე.

შალვა კერესელიძემ ასევე განაცხადა, რომ მცხეთის მოსახლეობის სახელით გამართულ საპროტესტო აქციების ორგანიზატორი დიმიტრი ხუნდაძე იყო და ის მოსახლეობაში ხელისუფლების გადაწყვეტილებების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა.

,,მიტინგზე გეთანხმებით, რომ მართლა არ მოვედი – იცით რატომ არ მოვედი? მიუხედავად იმისა, რომ დაპატიჟებული ვიყავი –  თქვენი ორგანიზებული იყო და მერიის ორგანიზებული იყო. პირდაპირ ურეკავდით თქვენ მერიის თანამშრომლებს, აიპის ხელმძღვანელებს და ავალებდით, რომ გამოსულიყვნენ ამ მიტინგზე და ეუბნებოდით ტყუილებს, რომ სახელმწიფო მთავრობა მცხეთას შლის, გუბერნიას შლის, გადააქვს სადღაც ჟინვალში, თბილისს უერთებენ ტერიტორიებს და ესე შემდეგ და ესე შემდეგ.  ძალიან სამწუხაროა და მე ნამდვილად ვერ გადავდგამდი იმ ნაბიჯს, რომ მანდ მოვსულიყავი, ამ თქვენს მიერ ორგანიზებულ აქციაზე. ეს იცის ყველამ, იციან აქ პარლამენტში ადამიანებმა, იციან მთავრობაშიც.“ – განაცხადა კერესელიძემ.

წყარო: akhali.ge

მსგავსი სიახლეები