გასაბერი ტანკებით რუსეთი ნატოს ატყუებსო…

უკრაინის საზღვრებს გარშემო რამდენიმე ათასი რუსული ტანკის, ჯავშანმანქანისა თუ საარტილერიო დანადგარის მოკლე ხანში გადასროლის შემდეგ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა აზრი, რომ რუსეთის არმიას გაუჭირდებოდა ამ რაოდენობის მძიმე საბრძოლო ტექნიკის ასე სწრაფად გადასროლა უკრაინის სიახლოვეს და ამერიკული თანამგზავრებიდან გადაღებულ კოსმოსურ სადაზვერვო ფოტოებზე ასახული რუსული ჯავშანტექნიკის ნაწილი შეიძლება გასაბერი ტანკები იყოსო...

ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, რადგან რუსეთის არმია ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ყიდულობს საბრძოლო ტექნიკის იმიტატორებს, კერძოდ კი – გასაბერ ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, საარტილერიო დანადგარებს, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებსა თუ თვითმფრინავებს.

poto-2-1645099768.jpg
თურმე “Су-27” გამანადგურებლის გაბერვაც ყოფილა შესაძებელი

 

ასეთი გასაბერი საიმიტაციო საშუალებების გამოყენება ხდება ტექნიკის ცრუ დისლოკაციის ადგილების შესაქმნელად, რათა მოწინააღმდეგე შეცდომაში შეიყვანოს და, სულაც, ძვირად ღირებული საარტილერიო ჭურვები და რაკეტები დაახარჯვინოს გასაბერი ტანკების „ბატალიონის“ გასანადგურებლად.

სამხედრო ეშმაკობებს მხედართმთავრები უხსოვარი დროიდან მიმართავდნენ, გაიხსენეთ თუგინდ „ტროას ცხენის“ ისტორიაც და რა გასაკვირია, რომ ეს თემა დღევანდელ ომებშიც აქტუალური რჩება.

ყარაბაღის ბოლო ომის დროს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყოველდღიურად ავრცელებდა ორწუთიან ეფექტიან ვიდეოკადრებს, თუ როგორ ანადგურებდნენ უპილოტო „ბაირაქტარები“ სომხების სამხედრო ტექნიკას წერტილოვანი საჰაერო დარტყმებით. აზერბაიჯანელ სამხედრო პროპაგანდისტებს ამ ვიდეორგოლებში გაეპარათ მომენტი, როდესაც „ბაირაქტარის“ მართვადი ბომბი ზუსტად კი ხვდება და აფეთქებს სომხების საზენიტო-სარაკეტო „ოსას“ დანადგარს, მაგრამ ვიდეოკადრის „დაპაუზების“ შემდეგ კარგად ჩანს, რომ ამ შემთხვევაში სომხებმა „ოსას“ ფანერის იმიტატორით მოატყუეს მოწინააღმდეგის უპილოტოს ოპერატორი…

დღესაც, დიდი ალბათობით, იმ არანაკლებ ცხრა დისლოკაციის ადგილზე, რომლებიც უკრაინის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრების უშუალო სიახლოვეს აქვს რუსეთის არმიას მოწყობილი, შეიძლება იყოს განთავსებული რუსული გასაბერი რეზინის ტანკები, თუმცა ეს მთლიან სურათს მაინც ვერ ცვლის, რადგან ნამდვილი რუსული საბრძოლო ტექნიკაც საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ კრემლმა უკრაინაზე შეტევა ნებისმიერ დროს წამოიწყოს.

poto-3-1645099837.jpg
გაბერილი საზენიტო “С-300” მალე დაიჩუტება…

 

რაც შეეხება საბრძოლო ტექნიკის გასაბერ იმიტატორებს, მათი გარჩევა ახლოდან ვიზუალურად სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ გასაგებია, რომ მოწინააღმდეგეს ასე ახლოს მასთან არავინ მიუშვებს, ხოლო საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის მოსატყუებლად გასაბერი რუსული ტანკები აღჭურვილია სპეციალური იმიტატორით, რომელიც ტანკის ძრავის მუშაობისას სითბოს გამოყოფის ეფექტს იძლევა, ხოლო რეზინის ზედაპირი დაფარულია სპეციალური შემადგენლობით, რომელიც რადიოტალღებს ირეკლავს ისე, როგორც ნამდვილი რკინის ტანკი.

poto-4-1645099881.jpg
არკვიე ამ თანამგზავრულ სადაზვერვო სურათში, რომელია გასაბერი და რომელი ნამდვილი ტანკი…

 

kvirispalitra.ge

მსგავსი სიახლეები