აშშ-მა სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ 3 კომპანიას

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რიგ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში მოქმედი სამი კომპანია “შავ სიაში” შეიყვანა. 17 დეკემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სიაში ის სუბიექტები მოხვდნენ, რომლებიც აშშ-ის მიერ მისი საგარეო პოლიტიკისა თუ ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხედ არიან მიჩნეულნი.

ჯამში, “შავ” სიას” ჩინეთში, თურქეთში, მალაიზიასა და საქართველოში მოქმედი 37 კომპანია დაემატა. დოკუმენტის მიხედვით, ზოგიერთი მათგანი არის ქსელის ნაწილი, რომელიც აწვდის ან ცდილობს, მიაწოდოს ირანს ამერიკული წარმოების პროდუქცია.

ვაჭრობის დეპარტამენტის თქმით, საბოლოოდ, ეს პროდუქცია მატერიალურად დაეხმარება ირანის თავდაცვის ინდუსტრიას, რაც არღვევს აშშ-ის ექსპორტის კონტროლის პირობებს.

სწორედ ირანის კონტექსტში დაუწესეს სანქციები შემდეგ 3 კომპანიას:

  • “SAEROS Safety ERO”, რომელიც დოკუმენტის მიხედვით საქართველოში ოპერირებს. მისამართად მითითებულია თბილისი, იოსელიანის ქუჩა’
  • “Gensis Engineering”, რომელიც საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. აღნიშნული კომპანიისა და “SAEROS Safety ERO”-ს ქართული მისამართები, დოკუმენტის თანახმად, ერთმანეთს ემთხვევა;
  • “ROV Solutions”, რომლის მისამართებიც საქართველოსა და ჩინეთში ფიქსირდება. კომპანიის ქართული ოფისი თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზეა განთავსებული. საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2012 წელს დარეგისტრირდა. დირექტორად ირაკლი კოტიაშვილი ფიქსირდება, მესაკუთრედ კი — ლევან კოტიაშვილი.

სანქცირებული სუბიექტების სიაში ასევე მოხვდნენ ჩინური კომპანიები და ჩინეთის სამხედრო სამედიცინო მეცნიერებათა აკადემია თავისი 11 კვლევითი ინსტიტუტით. ვაშინგტონის თანახმად, ისინი თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ ჩინეთის არმიის გაძლიერებას.

EAR (15 CFR ნაწილები 730-774) აწესებს დამატებით ლიცენზიის მოთხოვნებს და ზღუდავს ხელმისაწვდომობას სალიცენზიო გამონაკლისების უმეტესობისთვის, ექსპორტისთვის, რეექსპორტისთვის და გადარიცხვებისთვის (ქვეყანაში) ჩამოთვლილ ერთეულებზე.

ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ შავ სიაში შეყვანა ზღუდავს შესაბამისი სუბიექტისთვის ამერიკული ნაწარმის მიწოდებას, სანამ მიმწოდებელი აშშ-ის მთავრობისგან სპეიცლაურ ლიცენზიას არ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები