ამერიკაში საქართველოს მიმართ მოთმინება ილევა – ლორა თორნტონი

ვფიქრობ, ამერიკაში საქართველოს მიმართ მოთმინება ილევა – ლორა თორნტონი

საქართველო მეგობრების მოთმინებას ცდის და შესაძლოა, დადგეს დრო, როდესაც „საკმარისი“ საკმარისი იქნება, – ამის შესახებ “დემოკრატიების დაცვის ალიანსის” დირექტორი ლორა თორნტონი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს. როგორც თორნტონი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა ძალიან იმედგამაცრუებელი ნაბიჯია.

„როგორც იცით, ამ შეთანხმებისთვის ბევრი დიდი ბრძოლა გადაიტანეს და მას თვეები დასჭირდა. ახლა კი შეთანხმებიდან გასვლა ძალიან ცუდ სიგნალს გზავნის საქართველოს დემოკრატიის მომავლის შესახებ. ეს ბოლო წლების განმავლობაში კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ყველა პარტიამ არ მოაწერა ხელი – რაც მნიშვნელოვანია, რომ ითქვას – მმართველ პარტიას ვალდებულება აქვს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება უზრუნველყოს. ეს ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯია და ვფიქრობ, ევროპიდან და ამერიკიდან გაკეთებული განცხადებები საქართველოსთვის გამაფრთხილებელი სიგნალები უნდა იყოს“, – აცხადებს თორნტონი და დასძენს: „ზოგჯერ ვშიშობ, რომ გავყვირით: “მგელი-მგელი”! და შეიძლება ეს ქმნის განცდას, რომ ესეც ჩაივლის, ამასაც გადავატარებთ, გაკეთდება შეშფოთების განცხადებები, საელჩოები გააგზავნიან ცნობებს და მერე გავაგრძელებთ საქმიანობას. ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. არ ვიცი, როდის მივალთ იმ წერტილამდე, როცა რაღაცა გატყდება; როდის აისახება ეს უარყოფითად საერთაშორისო დახმარებაზე, ორმხრივ ურთიერთობებზე. ვიცი ის, რომ ნამდვილად ვცდით ადამიანების მოთმინებას. „ქართული ოცნება“ რომ ვიყო, ამას მსუბუქად არ მივიღებდი. შეიძლება წარსულში არაერთი შტორმი გადაუტანიათ, მაგრამ დადგება დრო, როცა [მეგობრები] იტყვიან, რომ ეს უკვე საკმარისია“, – აღნიშნავს თორნტონი.

მსგავსი სიახლეები