ერთი კვირის განმავლობაში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების რისკი
გაცნობებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების თვითაალება. შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს“, – აღნიშნავენ უწყებაში.