უკრაინაში მებრძოლი ქართველი მებრძოლი ანო ნადირაძე ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში საქართველოდან წასული მოხალისეების შესახებ მონაცემებს აგროვებს.
როგორც ნადირაძემ „ფორმულასთან“ აღნიშნა, სუს–ს უკრაინაში მოხალისეების სტატუსით „აგენტები“ ჰყავს შეგზავნილი და მათ შორის ერთი პოლიტიკოსია:
„სუს–ს ჰგონია, რომ ჩვენ აქ ფაფას ვჭამთ? მათი აგენტების ვინაობაც ვიცით, ვინც მოხალისეებად შემოაპარეს, მაგათ სახელებს და გვარებს მივწერ თუ უნდათ“.
რაც შეეხება მოტივაციას, ნადირაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინაში წინა ხაზზე მებრძოლი ქართველების ეშინია:
„მაგათ შიში აქვთ, რომ თითქოს დავბრუნდებით და მაგათ ხელისუფლებიდან გადავაგდებ. ერთი, რომ საქართველოში სისხლისღვრას არ მივესალმები და ამას არასდროს გავაკეთებთ. სამოქალაქო ომი გავიარეთ და ეს ჩვენთვის მიუღებელია! ჩვენი არ უნდა ეშინოდეთ. მეორე – უკრაინის გამარჯვების შემდეგ მათ მოსახლეობა გასცემს პასუხს, განსაკუთრებით გუშინდელი ინფორმაციის ფონზე“.
ნადირაძეს მხედველობაში ჰქონდა უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქცირებული ტვირთის გადასატანად გზებს ეძებს და ამ კუთხით საქართველო მასთან თანამშრომლობს, რასაც თბილისი უარყოფს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი მტკიცებულებები მოითხოვა.
„დარწმუნებული ვარ, მტკიცებულებებს წარუდგენენ. უკრაინის დაზვერვა არ ეგონოთ სუს–ი და პოლიტიკური პოზიცია, როგორიც მათ ჰყავთ“,– დასძინა ნადირაძემ.