ლაშა კუხიანიძე – საჯარო მოხელეები თვეში 2000 ლარიდან 5000 ლარამდე იღებენ ყავის სმასა და ჭორაობაში

ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას მინდა გამოვეხმაურო; აი გუშინ „პირმცინარი“ გამომეტყველებით, რომ განაცხადა მომავალი წლის პირველი იანვრიდან საჯარო მოხელეებს ხელფასები მოემატებათო.

გეთანხმებით ბატონო ირაკლი, უდაოდ უნდა მოუმატოთ, რადგან მთავრობას უკვე არაჯეროვნად აქებენ. თქვენ და თქვენს მთავრობას ხომ მხოლოდ თქვენს ქებაში „გსიებული“ ტუჩების ყურება გადიდკაცებთ.

გრცხვენოდეთ!!!

თქვენი ლოგიკით, პენსიონერს 240 ლარი უნდა ეყოს თვიდან თვემდე, მაშინ როდესაც მედიკამენტების ფასი სხვა ქვეყნებთან შედარებით მინიმუმ სამჯერ ძვირია, მაშინ როდესაც ჩვენგან იაფად გაყიდულ ელექტრო ენერგიას, თურქეთისგან უკან ვყიდულობთ უფრო ძვირად, ამ დროს კი საჯარო მოხელეები თვეში 2000 ლარიდან 5000 ლარამდე იღებენ ყავის სმასა და ჭორაობაში; ესეც მინიმუმი, ვინაიდან მარეგულირებელ კომისიებსა და კორპორაციებში მოწინავე პოზიციებზე დასაქმებულ პირებს 30-50 და 60 ათასი ლარიც კი აქვთ ყოველთვიური ხელფასი.

არა, არა და არა! საქართველო ნუ გგონიათ შემდგარი სახელმწიფო. „ქართული ოცნების“ თავებო ცდებით. ნუთუ ვერ ხედავთ რა ხდება ქვეყანაში?! უმუშევრობა, სიბინძურე, კორუფცია, კრიმინალი, პანდემიის მართვის სადავეებიც კი გაგექცათ ხელიდან და სრული ქაოსია, თქვენს კისერზე იქნება ყველაფერი რაც დღეს ხდება.

ან რომელ სახელმწიფოზეა საუბარი? ადგილობრივი წარმოების კოვზიც რომ არ გააჩნია?! ნიორი რომ ნიორია ისიც კი ეგვიპტიდან შემოგაქვთ.

არცერთი სტრატეგიული ობიექტი (რკინიგზა, წყალმომარაგება, ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება და ა.შ.) არ არის სახელმწიფო მფლობელობაში, არც ნედლეული, არც წიაღისეული და ამ ყველაფრის შემდგომ ევროპისა და ამერიკის დონეზე ყოფნის პრეტენზიაც გვაქვს?!

საბოლოო ჯამში მივდივართ იქამდე, რომ „ქართულ ოცნებას“ არშეუძლია ქვეყნის მართვა, ვინაიდან ის არის სახელმწიფოსა და ხალხს მოწყვეტილი ბრბო!

სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი”  ლაშა კუხიანიძე

მსგავსი სიახლეები