ლანდსბერგისი: სიტუაცია საქართველოში შეუმჩნეველი ვერ დარჩება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის შეფასებით, საქართველოში შექმნილი სიტუაცია ევროკავშირისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩება.

“სიტუაცია საქართველოში შეუმჩნეველი ვერ დარჩება – ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მთავრობის რეაქცია მისთვის დახმარების აღმოჩენის მიმართულებით იქნება დებატების საგანი”, — განუცხადა ლანდსბერგისმა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში, საგარეო და თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ მას სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაიყვანენ. სახალხო დამცველმა არაერთხელ განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეეფერება ექიმთა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მიუხედავად ექიმების მოწოდებისა, ხელისუფლება ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ამსახველი ორი ვიდეო 11 ნოემბერს გაავრცელა.

პირველ ვიდეოში ჩანს მიხეილ სააკაშვილის იძულებითი გადაყვანის კადრები. ვიდეოს ხმა არ აქვს და, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერითაა გადაღებული.

მეორე ვიდეო ციხეში გადაყვანამდეა გადაღებული. კადრებში ისმის, როგორ ითხოვს სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნებას და უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში საკუთარი ნებით შესვლაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ მსგავსი ინფორმაციის შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელება.

netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები