გიორგი გახარია უკანონო ჩანაწერებზე – ეს არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ბინძური, ტყუილებით გაჯერებული
ეს მუნიციპალური არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურია, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ერთ-ერთ ტყუილებით გაჯერებული. უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ, არ ვიცი, – ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს უსმენს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას მასალის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება.
„არ მომისმენია, თუმცა წავიკითხე, მომიყვნენ. რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარი. დიდი ეჭვი მეპარება საერთოდ მის ავთენტურობაში. პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა, რა თქმა უნდა, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგინდეს საერთოდ რა არის. მანამდე, ნებისმიერი სახის კომენტარის გაკეთება არასერიოზულია. თუ მსგავსი ფაქტი ბუნებაში არსებობდა, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს და შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს.
„ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელიც გაჩნდება ჩემს მიმართ, გამიცია პასუხი და მომავალშიც გავცემ. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს მუნიციპალური არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურია, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ერთ-ერთ ტყუილებით გაჯერებული. უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ, არ ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაზე. არც ვიცი რაზეა საუბარი. ამ შემთხვევაში, თუ ამის საფუძველი არსებობს, გამოძიება უნდა ჩატარდეს. ამ გამოძიების შემდეგ ყველას უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი. რისთვის აკეთებენ ამას, რა მიზანი ჰქონდა, ავთენტურია, თუ არა, წარმოდგენა არ მაქვს“, – აღნიშნავს გახარია.
კითხვაზე, ჰქონია თუ არა აღნიშნულ თემაზე კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან, გახარია აღნიშნავს, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია.